22-02-2022 / 2 128 / ბლოგი
გარდაცვლილის სხეულის იერსახის შენარჩუნების ტექნოლოგიას ბალზამირების პროცედურა ეწოდება. კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ცდილობდა, წინ აღდგომოდა დროის სვლასა და ბუნების კანონზომიერებას და შეენარჩუნებინა ძვირფასი ადამიანის ხატება როგორც ფერწერისა თუ სკულპტურის, ისე უშუალოდ ცხედრის ხრწნისგან დაცვის გზით.
დამკვიდრებული შეხედულების მიუხედავად, ეს პროცედურა არ არის ეგვიპტელების გამოგონება. მართალია, ძველი ეგვიპტის მკვიდრნი ფლობდნენ იმ დროისთვის გასაოცარ ტექნოლოგიას მუმიფიცირებისთვის, მაგრამ უძველესი კულტურა, რომელიც გარდაცვლილის სხეულის შენახვის რიტუალსაც ითავსებდა, სამხრეთამერიკული ჩინჩორო იყო - კულტურა, რომელიც თანამედროვე პერუსა და ჩილეს ტერიტორიაზე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 9-4 ათასი წლის წინ არსებობდა.
უძველესი და ხელოვნურად შექმნილი ჩინჩოროს მუმია დაახლოებით 7 ათასი წლისაა (ჩვ.წ.აღ.-მდე 5050 წელი) და ის მთელი 2 ათასი წლით ხნიერია იმ უძველეს მუმიაზე (ჩვ.წ.აღ.-მდე 3000 წელი), რომელიც ეგვიპტეშია აღმოჩენილი.
ჩინჩოროში არსებობდა მუმიფიცირების რამდენიმე მეთოდი, თუმცა ცხედრის დამუშავების პროცესი ათასწლეულების განმავლობაში დიდად არ იცვლებოდა. როგორც წესი, გვამს ანაწევრებდნენ - აჭრიდნენ თავსა და კიდურებს. სხეულს აცლიდნენ კანს და ძვლებისგან ათავისუფლებდნენ რბილ ქსოვილებს, კუნთებსა და ორგანოებს გვამისგან ანცალკევებდნენ ტვინსაც.
ძვლებს ნაკვერჩხალზე აშრობდნენ, რის შემდეგაც დანაწევრებულ გვამს პირვანდელ სახეს უბრუნებდნენ - ჩონჩხს ამყარებდნენ ჯოხებით, სიცარიელეს კი თივით, მატყლითა თუ ქვიშით ავსებდნენ, კიდურების მიმაგრების შემდეგ ცხედარს თიხით ან ნაცრით დამზადებული ნივთიერებით პოხავდნენ. გარდაცვლილის პირვანდელი სახის შესაქმნელად, სხვადასხვა ცხოველის ტყავსაც მოიხმარდნენ, უკეთებდნენ პარიკსაც. ეს ხანგრძლივი და რთული პროცედურა საბოლოოდ მუმიის შავი მანგანუმით შეღებვით სრულდებოდა.
ჩინჩოროში მუმიციფირების ტექნიკას დროთა განმავლობაში ხვეწავდნენ. ზოგჯერ ცხედრის ფორმების შესანარჩუნებლად, კანს წითელი წყალმცენარეებით კერავდნენ, სახეს კი თიხის ნიღბით ფარავდნენ. ზოგჯერ მუმიას აფერადებდნენ მიწაჟანგით ან მთლიანად პოხავდნენ თიხის, ქვიშისა და თევზის ქონის ნაზავით.
უძველეს ცივილიზაციაში ცხედრის გახრწნისგან დაცვის ყველაზე სრულყოფილ ტექნიკას მაინც ეგვიპტელები ფლობდნენ. მათი წარმოდგენით, გარდაცვლილის იმქვეყნიური უკვდავებისთვის მუმიფიცირება აუცილებელი იყო.
ძველი ეგვიპტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი მუმიები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულს მიეკუთვნება და საკმაოდ პრიმიტიულად არის დამზადებული. ცხედარს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ და მას ნელსაცხებლებით გაჟღენთილი ნაჭრებით ავსებდნენ. ეგვიპტელებმა ბალზამირების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად 1-ელი ათასწლეულის შუაში სრულყვეს და მუმიფიცირება მრავალსაფეხურიან, რთულ პროცედურად გადააქციეს - თავის ქალიდან იღებდნენ ტვინს, სხეულს კი გულისა და თირკმლების გარდა, ყველა ორგანოს აცლიდნენ. ცხედრის ფილტვებს, ღვიძლსა და კუჭს ცალკე, სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ, რომელიც მუმიასთან ერთად ინახებოდა.
ცხედარს ჯერ ღვინითა და სხვადასხვა სითხეებით ბანდნენ, შემდეგ კი ბუნებრივი ბიტუმითა თუ სურნელოვანი ზეთით პოხავდნენ. ამის შემდეგ სხეულს მრავალი დღის განმავლობაში მარილწყლით ამუშავებდნენ. ყველა მოსამზადებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, მუმიას სპეციალური ნივთიერებებით გაჟღენთილი ლიანებით ან ნაჭრებით ბინტავდნენ. აღნიშნული პროცედურა 40-იდან 70 დღემდე გრძელდებოდა.
უძველესი ევროპული მუმია, რომელსაც გახრწნის საწინააღმდეგო პროცედურები საგანგებოდ ჩაუტარეს, ესპანეთში, ქალაქ ოსორნოშია აღმოჩენილი და ის დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს, თუმცა ევროპაში ბალზამირების პრაქტიკა პოპულარული დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა, მე-5 საუკუნიდან მოყოლებული მე-13 საუკუნემდე კი, პროცედურას ძირითადად წარჩინებულთა ცხედრებს უტარებდნენ.
მუმიფიცირების პროცესით შუა საუკუნეების ევროპელი ანატომები ინტერესდებოდნენ და გვამებზე ალტერნატიულ ნაერთებსა და პროცედურებს ცდიდნენ. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ცხედრის იერსახის შენარჩუნებაზე კვლევებს ატარებდა ლეონარდო და ვინჩიც.
დროთა განმავლობაში, მედიცინის განვითარებასთან ერთად, დაიხვეწა და გამარტივდა ცხედრის გახრწნისგან დაცვის მეთოდებიც, XIX საუკუნეში, ქიმიური ნივთიერება ფორმალდეჰიდის აღმოჩენამ კი, ეს პროცედურა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ფორმალდეჰიდი დღემდე აღიარებულია და დამკრძალავი ბიურო მას აქტიურად იყენებს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კონსერვანტი, რომელიც აჩერებს ხრწნის პროცესს და ანადგურებს პრაქტიკულად ყველა მიკროორგანიზმსა თუ სოკოს.
მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, უკვე თანამედროვე პროცედურებით განხორციელდა საბჭოთა ბელადების: ვლადიმერ ილიას ძე ლენინისა და იოსებ ბესარიონის ძე სტალინის, ასევე - ჩინეთის პარტიული ლიდერის მაო ძედუნისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის ცხედრების შენარჩუნება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ტექნოლოგია კიდევ უფრო იხვეწება.