11-10-2025 / 9 / ბლოგი
დაკრძალვის ლამის თეატრალიზებული რიტუალით ყოველთვის გამოირჩეოდა დასავლეთი საქართველო და განსაკუთრებით, სამეგრელო. მეგრელები “მოტირლებს” ქირაობდნენ, რათა ამ დახელოვნებული ადამიანების ცამდე ასული ტირილ-კივილის საშუალებით სრულიად ქვეყნიერებისთვის ეცნობებინათ თავიანთი უბედურება.
დაკრძალვის დღეს ოჯახის ახლობელი ადამიანები თმას, წვერ-ულვაშს და წარბებს იპარსავდნენ, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში სამართებელს და მაკრატელს აღარ იკარებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ქელეხი გასვენებამდე იმართებოდა, რადგან შორიდან მოსულ ნათესავ-მეგობრებს დასვენება და დაპურება სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, ღვინოც აუცილებლად უნდა შეესვათ მიცვაალებულის სულის მოსახსენიებლად. ამიტომ იყო შემთხვევები, როცა შემთვრალ ადამიანებს მიცვალებულის გასვენება დაგვიანებიათ ან გასვენებისას კუბოები გავარდნიათ ხელიდან.