02-03-2020 / 6 130 / მომსახურება
პირველი ბალზამირება ხდება აუცილებელად საჭირო ადამიანის გარდაცვალების დროს. რა საჭიროა ეს პროცედურა? როგორც წესი, ადამიანებს დამკრძალავი ბიუროები გარდაცვალებისთანავე არ ასაფლავებენ, რამდენიმე დღეს აყოვნებენ (საჭიროების შემთხვევაში, კვირებსაც) და სხეულს ლაქები და სუნი რომ არ გაუჩნდეს, ანუ ხრწნის პროცესი შეჩერდეს, აღნიშნულ მეთოდს მიმართავენ.
ეს მეთოდი უძველესი დროიდან არსებობს. ჯერ კიდევ ძველეგვიპტელები მიმართავდნენ ამ პროცედურას ფარაონების მუმიფიცირებისთვის. მათ სწამდათ, რომ ადამიანის სული თავისსავე სხეულში არსებობას სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდა და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათთვის, სხეული საგულდაგულოდ შეენახათ.
ძველ ეგვიპტეში ამ პროცედურისთვის იყენებდნენ ნატურალურ სურნელოვან ნივთიერებებს - ბალზამს (აქედან წარმოდგება ეს სახელწოდებაც). მანამდე ისინი გარდაცვლილის სხეულს შიგნეულისგან ათავისუფლებდნენ, რომელსაც ცალკე ინახავდნენ. აღსანიშნავია, რომ ცხედარს ათავისუფლებდნენ ტვინისგანაც, რომელსაც ცხვირის არხიდან იღებდნენ. ოღონდ ტვინს არ ინახავდნენ, რადგან იმ პერიოდის ეგვიპტელებს ის ფასეულ ორგანოდ არ მიაჩნდათ.
შიგნეულობის ნაცვლად სხეულში შეჰყავდათ არომატული ნივთიერებები - ეთერზეთები, გარედან კი ცხედარს სურნელოვანი ფისით პოხავდნენ. ნივთიერება, რომელსაც ძველეგვიპტელები მუმიფიცირებისთვის იყენებდნენ, რთული კონსისტენციის იყო და შედგებოდა: ფისისგან, მცენარეების ფესვებისგან, ცვილისგან, პალმის ღვინისგან, კალცის შენაერთისგან, კალიუმისა და ნატრიუმისგან, ბიტუმისა და ტანინებისგან.
ასევე ხდებოდა მთელი სხეულის ნატრიუმის მარილებით გაჟღენთვა და ბოლოს მისი ჰაერგაუმტარი სურნელოვანი ქსოვილით შეფუთვა. ეს მეთოდი ცხედარში მიკრობებს ანადგურებდა, ქსოვილებს კი გახრწნისგან იცავდა. ძველეგვიპტელები ამ პროცედურების ჩატარებაში იმდენად დახელოვნებულნი იყვნენ, რომ მათი მუმიები ათასწლეულების შემდეგაც აოცებს მნახველებს.
თანამედროვე მსოფლიოში შეიცვალა ცხედრის დაცვის მეთოდები და ახლა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ ამ პროცესისთვის. ძირითადი ნივთიერება, რითაც ცხედარი მუშავდება, ფორმალინია. მნიშვნელოვანია, რომ ცხედარს ეს პროცედურა გარდაცვალებიდან 12 საათის განმავლობაში ჩაუტარდეს. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ დროში ვერ ესწრება გარდაცვლილის ზემოთ ნახსენები პროცესი, კოსმეტიკურ პროცედურებს მიმართავენ.