28-02-2020 / 4 401 / პროდუქცია
სასაფლაო ადამიანებისთვის წმინდა ადგილია, სადაც განისვენებენ მათი გარდაცვლილი წინაპრები, ნათესავები, მეგობრები. საფლავის ნიშნით აღნიშვნა უძველესი დროიდან იყო მიღებული, ქრისტიანები კი, როგორც წესი, საფლავზე ჯვარს აღმართავენ. საიდან მოდის ეს ტრადიცია?
ჯვრის სიმბოლიკა ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე, დიდი ხნით ადრე გაჩნდა. როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის დამაკავშირებელი, ის ლამის ყველა კულტურაში გვხვდება.
რომის იმპერიაში ჯვარზე გაკვრა სიკვდილით დასჯის ყველაზე სამარცხვინო და საშინელ მეთოდად მიიჩნეოდა და ასე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს სჯიდნენ: ქურდებს, მკვლელებსა და მოღალატეებს. ჯვარზე გაკვრა წამებით სიკვდილს ნიშნავდა.
იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მორწმუნეთათვის ჯვარმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. დღეს ჯვარს, როგორც ცხონების სიმბოლოს, იმ გარდაცვლილის სასაფლაოზე აღმართავენ, რომელიც ქრისტიანულად იყო მონათლული, რომელსაც სიცოცხლეში სწამდა ქრისტე და ატარებდა ჯვარს.
ქრისტიანული კონფესიების მიხედვით, განსხვავებულია საფლავზე ჯვრის დასმის ადგილი - ზოგან მიღებული ჯვრის მიცვალებულის თავთან დასმაა, ზოგან - ფეხებთან. ასევე განსხვავდება საფლავზე დასმული ჯვრის ზომები და ფორმები მართლმადიდებლებისთვის, კათოლიკეებისთვის და ა.შ.
მართლმადიდებლური სწავლებით, დასაფლავების დღიდანვე, საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი, რადგან უჯვრო საფლავს ეშმაკი ეპატრონება. ჯვარი შეიძლება ნებისმიერი მასალისგან იყოს დამზადებული, ხოლო უფრო შესაფერისია, სასაფლაოზე უბრალო ხის, ქვის ან ლითონისგან დამზადებული ჯვრის აღმართვა, ვიდრე გრანიტის და მარმარილოს ძვირფასი მონუმენტების დადგმა.
საეკლესიო სწავლებით, მიცვალებულის საფლავზე სანთლის დანთება შეიძლება მხოლოდ ჯვრის ან ხატის წინ და არა სახსოვარი ქვის წინ. საერთოდ, საფლავზე სახსოვარი ქვის დადგმაც არამართლმადიდებლური ჩვეულებაა. ასევე მიუღებელია მიცვალებულის ფოტოსურათის განთავსება ქვაზე და მით უმეტეს - ჯვარზე.
ჯვარზე მიღებულია დაფის განთავსება, სადაც დაწერილია მიცვალებულის სახელი და გვარი ან ინიციალები, ასევე მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. თუკი ნათესავებს სურთ წააწერონ ეპიტაფია, მაშინ უმჯობესია სიტყვების გამოყენება წმინდა წერილიდან ან ცნობილი ლოცვებიდან. დამკრძალავი ბიუროები ხშირ შემთხვევაში თვითონ სთავაზობენ ჭირისუფალს სასაფლაოსთვის განკუთვნილ ხისგან დამზადებულ ჯვარს.