11-10-2025 / 7 / ბლოგი
ხევსურებისთვის დამახასიათებელი იყო მიცვალებულის ლექსად დატირება, რომელშიც ხაზს უსვამდნენ მის ღირსებებს და ასევე, თავიანთ მწუხარებას. იქ სირცხვილად ითვლებოდა ცოლის მიერ ქმრის დატირება, ჭირისუფალს თავშეკავება მართებდა. ხევსურეთში გარდაცვლილს უცოლო ახალგაზრდები ტანს ბანდნენ, თმა-წვერს უსწორებდნენ, რის შემდეგაც კარავში ასვენებდნენ, რადგან მიცვალებულის სხეულს უწმინდურად თვლიდნენ. უწმინდური იყო ყველა ის, ვინც მიცვალებულს შეეხებოდა. ამიტომ განმბანელები მის ოჯახში რჩებოდნენ და ყოველდღე უნდა განბანილიყვნენ. მიცვალებულის ნაბან წყალს კი ადამიანისა და საქონლისთვის მიუდგომელ ადგილას აქცევდნენ.
ვინაიდან მიაჩნდათ, რომ იმქვეყნადაც ისეთივე ცხოვრებისეული მოთხოვნები ექნებოდათ, მიცვალებულს თან ატანდნენ საბრძოლო იარაღს, წინდებს, პურ-წყალს და თამბაქოს. დაკრძალვის დღეს ახლომახლო მოაწყობდნენ ახალ წყაროს და აკურთხებდნენ მიცვალებულის სახელზე, რათა გამვლელს პირის გასველების შემდეგ დაელოცა მიცვალებულის სული. ასევე, დოღის გამართვამდე მის სახელზე ფაფარდაწნული ცხენი იკურთხებოდა.