11-10-2025 / 8 / ბლოგი
რაჭაში გარდაიცვლებოდა თუ არა ადამიანი, მას მაშინვე გასუდრავდნენ, სწრაფადვე მოქონდათ კუბო, რის შემდეგაც მხოლოდ ერთ ღამეს უთევდნენ. რაჭველებმა დატირება “ზრუნით” იცოდნენ, გასვენების შემდეგ კი სახლის კართან ხელ-პირს იბანდნენ, რათა “კურცხალი” ცრემლი ოჯახში არ შეჰყოლოდათ და ახალი უბედურება არ გამოეწვიათ.
ლეჩხუმში განბანვის შემდეგ მიცვალებულს სუფთა, აუცილებლად ნახმარ ტანსაცმელს აცმევდნენ, რადგან უხმარზე ამბობდნენ, სასუფეველში გაუქრება და ვეღარ იცნობენო. ადრე სუდარაში გახვეულს მარხავდნენ, მოგვიანებით - “პირკლის ნიფხავ-პერანგში”. იქ დღემდე ატანენ მიცვალებულს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ამ რეგიონში დაკრძალვა არ შეიძლებოდა ორშაბათსა და ხუთშაბათს, ახალი წესით კი - ორშაბათს, ოთხშბათს, პარასკევსა და კვირას. დაკრძალვა აუცილებლად მზის ჩასვლამდე უნდა მოესწროთ, ამბობდნენ, ჩამავალ მზეს მიჰყვებაო. დაკრძალვამდე მოგვარეებს ეკრძლებოდათ მიწაზე მუშაობა და ხელსაქმე.